logo
ENG



ჭელიძე: ვიზუალური დათვალიერებით, შატილის გზაზე გარდაცვლილებს შორის არასრულწლოვნები არ არიან

24 აგვ 202001:49
3 წუთის საკითხავი
 
vj1wjhhzql0r61h.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის განცხადებით, ვიზუალური დათვალიერებით, შატილის გზაზე გარდაცვლილებს შორის არასრულწლოვნები არ არიან.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, გარდაცვლილთა იდენტიფიცირება გრძელდება და დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

„112-ის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება შატილი-ბარისახოს გზაზე, სოფელ ბისოსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინებისთანავე დაუყოვნებლივ გამოვიდა რეაგირებაზე როგორც სამაშველო, ისე კრიმინალისტიკური სამსახური და სამხარეო პოლიცია. ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი ფაქტი: დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილი იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები და გადასვენებულები არიან შესაბამის დაწესებულებაში. მიმდინარეობს იდენტიფიცირება“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსსიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა