გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მედპერსონალის ქცევამ საზოგადოებას ნდობა უნდა გაუჩინოს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ის არ არის საზღვრის სრულად ჩაკეტვის მომხრე, მაგრამ მასზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს.
„რეკომენდაცია მექნებოდა, რომ ძალიან კარგად იყოს ტრენინგი ჩატარებული პირველადი ჯანდაცვის სექტორში. იმისათვის, რომ თავად მედპერსონალი იყოს დაცული და მეორეს მხრივ, მათმა აღჭურვილობამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა გააჩინოს საზოგადოებაში და ამან დამატებითი პანიკა არ შექმნას.
საზღვრებზე პერსონალი ისეთ ფორმებში იყვნენ და ისეთი რეჟიმი იყოს საზღვრებზე, მე არ ვარ საზღვრის დაკეტვის მომხრე, მაგრამ თითონ მებაჟეები და მესაზღვრე იყოს შესაბამისად აღჭურვილი, რათა ნებისმიერი გასული თუ შემოსული ადამიანი ნდობით აღჭურვოს. მხოლოდ ბრიფინგები არ არის საკმარისი“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ირანში დაავადება უკვე 106 ადამიანს დაუდასტურდა. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობაც. ნებაყოფლობით იზოლაციაშია იტალიის რეგიონის ლომბარდიის გუბერნატორი, რადგან საშიში ვირუსი მის თანაშემწეს დაუდგინეს.
ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესტონეთში, დანიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, ისრაელსა და პაკისტანში. დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთშიც. დაავადების გავრცელების გამო სკოლები დახურა იაპონიამ, საუდის არაბეთმა კი უცხოელებს წმინდა ქალაქებში - მექასა და ქააბაში შესვლა აუკრძალა.
26 თებერვალს კი კონორავირუსის პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა.