„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება აუცილებელია, თუმცა სანამ შეზღუდვები მოიხსნება, ჯანდაცვის სისტემა შესამაბისად უნდა იყოს აღჭურვილი. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, შეზღუდვების მოხსნამდე აუცილებელია ტესტირება უტარდებოდეს ყველა რისკჯგუფს და დაიწყოს მედპერსონალის გადამზადება.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გახსნაზე, ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული გახსნა, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა კარგად არის აღჭურვილი ტესტებით და ტესტები რეგულარულად უტარდება ყველა რისკჯგუფს, პირველ რიგში, მედპერსონალს. ყველა მედპერსონალი ეკიპირებულია სათანადოდ, ჩვენთან ძალიან მაღალია მედპერსონალის ინფიცირება საერთო რაოდენობაში. 72 ექიმი და ექთანი ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია. და რაც მთავარია, უნდა მიდიოდეს მედპერსონალის რეგულარული ტრენინგი, რათა პაციენტთა ნაკადები იმართოს ისე, რომ ინფექცია არ გავრცელდეს საავადმყოფოებში და ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმები იყოს სრულყოფილი და ამაში მედპერსონალი რეგულარულად უნდა იწვრთნებოდეს “, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდა. პარტიაში აცხადებენ, რომ 8 მაისიდან ქვეყანაში უნდა დაიწყოს ბიზნესის გახსნა.