„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს უკვე გამოუტანა განაჩენი და ამაზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების სიმრავლეც მეტყველებს. ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანა 2012 წლიდან ტყუილში ცხოვრობს.
„ივანიშვილი გვთავაზობს ძალადობრივ თამაშის წესს, მაგრამ აქ დღეს მდგომი ხალხის სიმრავლე მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა. საზოგადოებამ უკვე თქვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სახელმწიფოს პერსპექტივა არ აქვს. აქ იმაზე საუბარი კი არაა, რომ მან დღეს მოიტყუა საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით, 2012 წლიდან ქვეყანა მუდმივ ტყუილში ცხოვრობს.
საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის. ამას ემატება კონსტიტუციური უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ნებისმიერი პოლიციური მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება. ვერც ერთი ხელისუფლება თუ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, დიდხანს ვერ გაძლებს და ივანიშვილის ხელისუფლება გარდაუვლად დასრულდება,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი.
Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks