„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი სვენ მიქსერის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, დღეს გასამართ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარები ქართველი ხალხის ინტერესების გასათვალისწინებლად ყველაფერს გააკეთებენ.
მისივე განცხადებით, სწორედ ევროპელი დეპუტატების დახმარებით დაიხია "ქართულმა ოცნებამ" უკან, როდესაც პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება მოხდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ევროპარლამენტის რეაქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სწორედ მათმა ძალისხმევამ გამოიწვია "ქართული ოცნების" ხელისუფლების უკან დახევა. ჩვენ ველოდებით, რომ დოკუმენტის ირგვლივ გაიმართება არსებითი განხილვა და "ქართულ ოცნებას" მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხის ინტერესების გასათვალისწინებლად ყველაფერს გააკეთებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, სვენ მიქსერის ანგარიშში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომელიც დღეს საქართველოშია. მისივე თქმით, სწორედ 8 მარტის შეთანხმების შესრულებით არის შესაძლებელი იმ პრობლემების მოგვარება, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური ნიშნით დევნა და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
„ანგარიში ერთის მხრივ აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ძალიან დიდ პერსპექტივას სთავაზობს, ევროკავშირთან თანამშრომლობის და აცხადებს, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მეორეს მხრივ ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური ნიშნით დევნა, არჩევნების თემა და კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ 8 მარტის შეთანხმება პირდაპირ უკავშირდება იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ევროპარლამენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება. ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. უფრო კონკრეტულად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია, საზოგადოების პოლარიზაცია, უნდობლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
დოკუმენტში გაკრიტიკებულია სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, სადაც წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა სერიოზული ხარვეზებით მოხდა.
ანგარიშის განხილვა დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოხდება. იგეგმება სხვა ევროპარლამენტარების გამოსვლებიც, რომლებიც დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.