ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
უკვე გამოვლენილია 15-მდე კონტაქტი, აქედან ხუთთან კი ინფიცირებულს ახლო კონტაქტი ჰქონდა. ყველა მათგანს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.
გამკაცრდება თუ არა ზომები სოფელში, მას შემდეგ გაცდება ცნობილი , რაც ეპიდემიოლოგები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.