ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქუთაისის მერის გადადგომა შიდაკლანური დაპირისპირების შედეგია და არ უკავშირდება უკეთესობისკენ ცვლილების სურვილს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საგანგებო მდგომარეობას იყენებს მმართველი პარტია იმ დროს, როცა საზოგადოების მაღალი ინტერესი პოლიტიკური მოვლენები არაა.
„სამწუხაროა, რომ ეს მენეჯმენტის გამოსწორების მიზანს არ უკავშირდება - ესაა მზადება არჩევნებისთვის და მცდელობას გუნდის შიგნით, რომ თავად გაიძლიეროს ადგილი გუნდში. ამ გადაადგილებებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება ხალხისთვის", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და არჩეულ თანამდებობის პირებს ათავისუფლებენ.
„შიდაკლანური დაპირისპირება იყო თერჯოლის მერის გადადგომის მიზეზიც, სადაც მდინარაძის დაყენება უნდათ და იგივე ხდება ქუთაისშიც - ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ქუთაისის მოსახლეობის არჩევანი. ისინი მიდიან იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმყაროს პოზიციები", -აცხადებს დავით კირკიტაძე.
მმართველ პარტიაში კი ოპონენტებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ არანაირი შიდაპარტიული ინტერესი მერის გადადგომაში არ ყოფილა.
„ყველა ცვლილება იმას უკავშირდება, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს და ახალი ენთუზიაზმით დაიწყოს ახალი პროექტები. არ მოგვიწევს ამის გამო შუალედური არჩევნები - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა", - აცხადებს კახა კალაძე.
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი ჭიღვარია აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება მისი სურვილიდან გამომდინარე.
„ჭიღვარია არის გუნდის ღირსეული წევრი - მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. მას სურდა, დაბრუნებულიყო აკადემიურ საქმიანობაში და ასეც მოხდა", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
იმერეთის რეგიონში რწმუნებული კი აცხადებს, რომ იმერეთში მეორე არჩეული მერის გადადგომას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებებთან და ორივე მათგანმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
„საუბარი, რომ მას ვინმემ რამე აიძულა, ზედმეტია - მიიღებს საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას და დავაკმაყოფილებთ მის თხოვნას. იგივე მოხდა თერჯოლის შემთხვევაშიც - ორივე მათგანმა საკუთარი სურვილით მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დღეს დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა ისიც, რომ მიდის საერთოდ პოლიტიკიდანაც.
გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების" წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.