logo
ENG



ჭიჭინაძე რეიტინგებზე: კალაძე შეეცდება ქართული ოცნების სადავეების ხელში აღებას.

16 იან 202017:36
3 წუთის საკითხავი
 
jzy1dmaaoq097uy.jpg

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე NDI-ის მიერ პოლიტიკოსების რეიტინგების გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის არჩევნები ყველა შეეცდება გავლენის მოპოვებას. 

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს რამდენად შეიცავს ხიფათს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე.

„კალაძე შეეცდება „ქართული ოცნების“ სადავეების ხელში აღებას. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხიფათის შემცველია დღეს  კალაძე, იმიტომ რომ, არ არის გამორიცხული  ივანიშვილმა  „ოცნება“ დაკარგოს. მითუმეტეს, რომ  „ოცნების“  დეპუტატების დიდ ნაწილს  მორალი და პრინციპი ნაკლებად გააჩნიათ.  ყოველთვის კარგად გრძნობენ, ვის ამოეფარონ და ვის მხარეს  იყვნენ და შესაბამისად,  სხვა ბანაკშიც უმარტივესად გადაბარგდებიან, რადგან  მათ ყველას თავისი პირადი პოლიტიკური მომავალი ადარდებთ და არა ქვეყნის ბედი.

დღევანდელი რეიტინგებითაც,  კალაძეს უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე თუნდაც  იგივე პრემიერს, ან სხვებს....  ეს კი ყოველთვის ხდება შურის საფუძველი პოლიტიკურ ბრძოლებში. ამიტომ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირებაც გამძაფრდება, რადგან სია დიდი ვერ იქნება, თავისი გავლენის მოპოვებას კი ყველა შეეცდება. სკამებიც უფრო ცოტაა, ვიდრე ხალხი.

ანუ, თუ ადრე დაპირისპირება იყო კალაძე - გახარიას გუნდებს შორის,  ახლა როგორც ჩანს, გახარია  აღარაა „პოპულარული“ მინისტრი. თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ აშკარად შემცირდა ნდობა ბიძინა ივანიშვილისადმი და ეს ეტყობა კიდეც - რაღაც უფრო თამამები ჩანან ბიჭები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკოსების რეიტინგს აქვეყნებს. ახალი კვლევის თანახმად აღნიშნულ რეიტინგში „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს. ბაქრაძეს დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 34% აფასებს. 21% პოლიტიკოსს უარყოფითად აფასებს, ხოლო 35%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

ბაქრაძეს ხმებით მმართველი გუნდის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე გაუთანაბრდა. მერს დადებითად ასევე 34% აფასებს, ხოლო 22% ნეგატიურად.

 


close დახურვა