logo
ENG



ჭყონდიდის ეპარქიაში აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადმოცვივდნენ, არიან დაშავებულები

08 მარ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის ეპარქიაში, საღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ადამიანები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორისაა ფორმულას ოპერატორი. დაშავებულთა შორის სხვა მედიის წარმომადგენლებიც არიან.

მომხდარს წინ აივანზე ხმაური უძღოდა. სავარაუდოდ, მოაჯირმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მოტყდა.

ფორმულა არკვევს მომხდარის დეტალებს, დაშავებულთა რაოდენობასა და მდგომარეობას. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღის მანძილზე ჭყონდიდის ეპარქიაში ახლადდანიშნული მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მღვდელმსახურები და მრევლი დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ.

შეკრებილების მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ წარმოთქმულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს.

"მე მოვითხოვე მეუფე სტეფანესთან, გაირკვეს სიმართლე და ვის მხარესაც იქნება სიმართლე, იმას დავუდგები გვერდში. ახლა არ ვემსახურებით, მე არ ვარ მონა, ვარ თავისუფალი ბერი. საღვთო ლიტურგიას ვესწრებოდი და ვმსახურობდი, მაგრამ მეუფე სტეფანესთან არა. მოვითხოვე, რომ გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ წაყენებულ ბრალდებაზე და გაირკვეს, ვისთან ვიმსახუროთ. მე არ ვენდობი მეუფე სტეფანეს. რომ იყოს ქართველების მტერი, მე არ მინდა, ქართველების მტერს ვემსახურო", - ამბობს ბედიაკონი პეტრე ღუდუშაური.

კრებამდე რამდენიმე საათით ადრე მეუფე სტეფანემ დიაკონსა და ბერდიაკონს მსახურების უფლება შეუწყვიტა.


close დახურვა