ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირისპირებაა. სალხინოს ტაძარში ახლადდადგენილი ეპისკოპოსის სტეფანეს მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევასაც.
ვითარების განსამუხტად, ტაძრის ტერიტორიაზე პოლიციაც იყო მისული. მეუფე სტეფანემ გუშინ სალხინოს ტაძრის წინამძღვრად გოჩა ლიპარტელიანი დანიშნა, რომელსაც დღეს მსახურების ჩატარება სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
საპატრიარქომ "უპრეცედენტო დაპირისპირების" პარალელურად განაცხადა, რომ მომხდარზე განცხადებას თავად ჭყონდიდის მიტროპოლიტი გააკეთებს. ჭყონდიდის ეპარქიაში ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილსა და მიტროპოლიტ სტეფანეს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს, რომელმაც 2019 წლის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქ ილიას "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა, მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.