თემურ ჭყონია ნამახანჰესის პროექტსა და ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც არ ააშენებდა არამდგრად ჰესს.
თემურ ჭყონიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ პროექტი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და შემდგომი მოლაპარაკებები, მისი აზრით, "მინუსიდან" იქნება დასაწყები.
„ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, ძალიან პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?! რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება, რომ ჰესი დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა - წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე. ამაზე გამოვარდა ხალხი.
800 მილიონი სანამ დახარჯა ENKA-მ, ერთი ლარი რომ დახარჯა, როცა მიწები იყიდეს, როცა პროექტი გაკეთდა, ხელი ჩამოართვეს... დღეს საუბრობენ, რომ პროექტი არაა დახურული, დავუბრუნდებით. გამორიცხული არაფერია, გააჩნია მოლაპარაკებებს - მაგრამ ის რომ ნულიდან კი არ ვიწყებთ, მინუსიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას, უფრო რთულ სიტუაციაში ვარდება, ვიდრე იყო", - ამბობს ჭყონია.
პოლიტმეტრში საუბრისას თემურ ჭყონიამ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ENKA-ს, როგორც მულტინაციონალურ კორპორაციას, აქვს ვალდებულება, იზრუნოს ეკოლოგიაზე და აარსწორია საუბარი იმაზე, რომ ამ კომპანიის აშენებული ჰესი ბუნებას პრობლემებს შეუქმნიდა.
„ეს მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულები არიან გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, გლობალურ დათბობაზე - წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსებს ვერ მოიპოვებენ. არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არ არის გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთელობა, ქვეყნის მომავალი" - ამბობს ჭყონია.
22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.