ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 23 ნოემბერს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებს კოალიციურად მიიღებენ - ხაბეიშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულ მანიფესტზე და თქვა, რომ ადამიანები, ვისაც პარტია არ აინტერესებთ და სხვა მიზნები აქვთ, "საკადრის პასუხს" მიიღებენ.
"23 ნოემბერს საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საჯარო, ამ კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებზეც საუბარი იყო, არასდროს პრობლემა არ ყოფილა, ფაქტობრივად, არც განსახილველიც არ ყოფილა, რომ ვინმესთან რაიმე პრობლემაა.
კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ არ მიღებს, არსებობს კონკრეტული მანიფესტი და კონკრეტული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ამას ხელს მოწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს ნაციონალურ მოძრაობაში ერთობა და ვისაც არ აინტერესებს ივანიშვილს წინააღმდეგ ბრძოლა და აქვს სხვა მიზნები, სხვა ამოცანები, ისინი მიღებენ საკადრისს პასუხს", - განაცხადა მან.
ლევან ხაბეიშვილი შეეხო დღეს სასამართლოზე ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც და თქვა, რომ ისინი ნიკა მელიას მიემართებოდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლოზე პარტიის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"რეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე გაკეთებული განცხადება, ცხადია, ეხებოდა ნიკა მელიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მანიფესტი, რომელიც საჯაროდ თქვა პრეზიდენტ სააკაშვილმა, რომ იქნება, ცხადია, ეს მისი ინიციატივაა, მივესალმებით, ვუერთდებით ნაციონალური მოძრაობა ყველა ისეთ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. 23 ნოემბერს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ნაციონალურ მოძრაობაში, გამარჯვების კოალიციაში, ჩვენ კოალიციურად ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას", - თქვა ხაბეიშვილმა.
პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".
სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.