logo
ENG



ხაბეიშვილი: არაფერში ჯდება, რომ სახლში მიუვარდე ტურასავით და თავს დაესხა 40-მდე ადამიანი

22 სექ 202321:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/1uq571lwurv8q1v.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. მისივე თქმით, თავდამსხმელებს ე.წ. კასტეტები ჰქონდათ.

"მელია აპროტესტებდა კრიმინალები დაიჭირეთო და მელია დაიჭირეს. რამდენად ნორმალურია, საზოგადოებამ თავად განსაზღვროს. ყველა ვინც ჩართული იყო ამ ორგანიზებულ დანაშაულში უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და დღეს თუ არ ამას არ გააკეთებს რუსული პარტია და ფარცხალაძის ხელისუფლება, გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება. წარმოუდგენელია. ესენი არც ქუჩის ბიჭები არიან, არც კრიმინალები არ არიან. ეგ არაფერში ჯდება, არაფერში ჯდება, რომ სახლში მიუვარდე ტურასავით და თავს დაესხა 40-მდე ადამიანი. ეს არის სუს-თან და შსს-თან შეთანხმებულად გაკეთებული", - თქვა ხაბეიშვილმა.

ნიკა მელია ეძგვერაძის სახლთან დააკავეს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან სხვა ადამიანებიც. 

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

"მეძახდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ზარნაძე.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.


close დახურვა