logo
ENG



ხაბეიშვილი: ენმ მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში აქტიურ ჩართვაზე

16 ივნ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებაზე.

"საქართველოში თუ უკრაინაში, რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს. ამიტომ, ცხადია, ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტი სააკაშვილის გადაწყვეტილებას." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ხაბეიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში". მისი თქმით, ახლა მთავარია, სააკაშვილს ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს.

"მე დარწმუნებული ვარ და ცხადია, აქამდეც მქონდა რწმენა და ამას ყველა საჯარო გამოსვლაში ვაფიქსირებდით, ვამბობდით და ვსაუბრობდით ამაზე, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას. მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს, 16 ივნისს პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას.

გარდა ამისა, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ყველა "სასამართლოში", რომელზე ფიზიკურად დასწრებასაც შეძლებს.

 

close დახურვა