ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თანამდებობრივ გულგრილობასა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან კორუფციულ გარიგებაში ჩართულობაზე ისაუბრეს.
მათ ამ მიმართულებით 4 კონკრეტული თანამდებობის პირი დაასახელეს - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ შოვის ტრაგედიის დროს, უმოქმედობის გამო, სისხლის სამართლებრივი საქმე თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით უნდა აღიძრას. ამასთან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე რაჭაში, შოვში კორუფციულ ინტერესებში არიან ჩართულნი.
"ნაციონალურ მოძრაობაში გამარჯვების პლატფორმაში შექმნილმა კომისიამ იმუშავა, შუალედური დასკვნა საზოგადოებას გავაცანით, არის კონკრეტული მიგნებები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, თანამდებობრივი გულგრილობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კრიტიკულ საათებში მიტოვებული ჩვენი მოქალაქეები და მთავარი სისხლის სამართლის დამნაშავე, ვინც მთავარი თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა არის ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი და შესაბამისად, შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ამ ადამიანზე უნდა აღძრულიყო და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მეორე მთავარი დამნაშავე, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის შემდეგ მოხდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არის ბატონი გომელაური, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ამ ორი ადამიანის კისერზე არის ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის, შოვის ტრაგედიის დროს, მათი უმოქმედობის გამო, კრიტიკულ საათებში რომ მიატოვეს ჩვენი მოქალაქეები, ამ ორ ადამიანზე, თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
მნიშვნელოვანია ასევე კონკრეტული ახალი მიგნებები, რომლებიც უკავშირდება კობახიძე-კალაძის კორუფციულ ინტერესებს რაჭაში, შოვში და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად არის ახლო ნათესაურ კავშირში კობახიძესთან, რომელიც ასევე გასცემდა კონკრეტულ ნებართვებს ან თვალს ხუჭავდა უკანონო მშენებლობებზე და შესაბამისად, გამოკვეთილია რამდენიმე თანამდებობის პირი. ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონი გომელაური, კობახიძე და კალაძე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.
რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".