logo
ENG



ხაბეიშვილი: თუ მელიას ტყვედ აყვანას დააპირებენ, ამის შესაძლებლობას ვერ მივცემთ

16 თებ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი: თუ მელიას ტყვედ აყვანას დააპირებენ, ამის შესაძლებლობას ვერ მივცემთ

ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეს არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები. 

მისი თქმით, სინამდვილეში 40 ათასი ლარი არის ხარკი, რომელსაც ქართული ოცნება მელიას სთხოვს გავრილოვის ღამისთვის

"ასამართლებენ ადამიანები, ვინც თავად ჩამოიყვანეს გავრილოვი. არ დაგვავიწყდეს, რომ მის ჩამოყვანას ხელი კობახიძემ მოაწერა, მერე ესკორტით დაატარებდა გომელაური, ასევე ანზორ ჩუბინიძე, რომლის სამსახურიც პირადად იცავდა გავრილოვს 2 დღის განმავლობაში. თავად მიიყვანეს პარლამენტში, ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ახლა ამბობენ, რომ ნიკა მელიამ ამაში 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს". - თქვა მან. 

მისივე თქმით, მელია გირაოს არ გადაიხდის, ხოლო თუ მმართველი გუნდი ამას მაინც შეეძლება, ენმ ამის საშუალებას არ მისცემს. 

"არ აპირებს ნიკა მელია ამის გადახდას და თუ დააპირებენ მის ტყვედ აყვანას და არა დაკავებას, უკაცრავად, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვერ მივცემთ. ეს არ არის კანონის და სამართლის ფარგლებში ჩასმული საკითხი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და თუ ისინი ეცდებიან ოპოზიციური პარტიის ძალადობრივი ქმედებებით ტყვედ აყვანას, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ". - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია". 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა. 


close დახურვა