შეეწირება თუ არა „პანორამა თბილისის“ პროექტს ხელოვნების ისტორიის მუზეუმი? „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, შენობიდან ოქროს ფონდში დაცული უნიკალური ექსპონატების სხვა შენობებში გადატანა იგეგმება.
ქვეყნის შიდა ოკუპანტი - ასე აფასებენ „პანორამა თბილისის“ ავტორს, ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს პროექტი საფრთხეს უქმნის დედაქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებას დარღვევებით ცდილობს.
მათივე განცხადებით, შენობის გადატანის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას ფორმულანიუსმა“ მიაწოდა, ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არ ანაღვლებს, რა ბედი ელის ეროვნულ საგანძურს.
„ეს კაცი არის შიდა ოკუპანტი, რომელმაც ყველაფერი დაისაკუთრა, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს. ახლა მუზეუმის დანგრევას აპირებს, გურიის ნაწილი მიიერთა, ზღვა მიიყვანა სახლამდე, ეს ყველაფერი არის დროებითი. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ხალხს და მიითვისა ოლიგარქმა ივანიშვილმა, დაუბრუნდება მის აღმატებულება ქართველ ხალხს“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
ხელოვნებათმცოდნეები და ასევე ამავე მუზეუმის უკვე ყოფილი თანამშრომლები, ოქროს ფონდში დაცული უნიკალური ექსპონატების სხვა შენობებში გადატანასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ამ შენობას მიზანმიმართულად არ აქცევდნენ ყურადღებას, რათა ნივთები დაზიანებულიყო და ამის შემდეგ მიზეზი ჰქონოდათ პანორამა თბილისის განმახორციელებლებს, რომ შენობა დასანგრევია.