ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც დღეს ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, მშენებლობის ნებართვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 აპრილს გასცა.
როგორც ის Facebook-ზე წერს, ნებართვის გაცემის მიზეზი ისაა, რომ მშენებელი კალაძის შემომწირველია.
"27 აპრილს, კალაძემ გასცა ნებართვა, რითაც საფრთხე შეუქმნა ათობით ოჯახს და მათ სიცოცხლეს. კორპუსს გამოუთხარეს ძირი და სამუშაოების წარმოებისას ჩამოიშალა, ჩავარდა მიწა, ადამიანებს მშვიდად ძილის საშუალება მოუსპო და რატომ გასცა იცით ასეთი ნებართვა?! იმიტომ, რომ მისი შემომწირველია მშენებელი. წარმოუდგენელია ასე გაგრძელება. გვძარცვავენ, გვანგრევენ, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და თავად მილიონებს შოულობენ", - წერს ხაბეიშვილი.
ის ასევე დოკუმენტებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ტარიელ გიორგაძეს, რომელიც ლორთქფინიძის ქუჩაზე მშენებლობას ახორციელებს, ქართული ოცნებისთვის 2020 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული.
ცნობისთვის, საბურთალოზე, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე დღეს კორპუსის გვერდით ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. მერიაში მიწის მასის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას ასახელებენ. მომხდარის გამო ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მერიაში ამბობენ, რომ დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს და შემდგომი გადაწყვეტილებები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული.