logo
ENG



ხაბეიშვილი: ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით თქვა, რომ არ სურს NATO-ში ქვეყნის გაწევრიანება

30 მაი 202317:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/10r6b2t6yxi3cvv.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო".

"NATO-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იმართება კრემლიდან პუტინის რუსეთის მიერ. ევროკავშირის კანდიდატის საბოტაჟირების შემდეგ, ახლა უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს NATO-ში საქართველოს გაწევრიანება. ერთი განცხადებით, აი, ამ მოღალატეობრივი ერთი განცხადებით ჩარეცხა ფაქტობრივად ყველა ომში, შინ თუ გარეთ, ავღანეთში, ერაყში დაღუპული ქართველების სისხლი მოღალატე ღარიბაშვილმა.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის", - ამბობს ხაბეიშვილი.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა  პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO- გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO- წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.


close დახურვა