logo
ENG



ხაბეიშვილი: შოვზე საგამოძიებო მოქმედებები ვაწარმოეთ, იკვეთება კონკრეტული პირების გულგრილობა

22 აგვ 202312:03
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით პარტიამ შოვში მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რომელსაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე.

"3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდა პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები იმსახურებენ პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება.

შესაბამისად, ნაციონალურმა მოძრაობამ 3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჟურნალისტებს დაგირიგდათ და საზოგადოებისთვის ეს იქნება ცნობილი. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სადაც ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა საქართველოს მოქალაქეები, იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, ჩვენ და სამწუხაროდ პრემიერ მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე, ამიტომ საზოგადოებას ჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობა კი არა, საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახებიდან და ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, მთელი ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები.

24 გვერდიან ანგარიშში, რომელიც არის ჯერ შუალედური და ცხადია ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან და ცხადია ეს დასკვნა საზოგადოებისთვის იქნება გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტრაგედიის გამოძიება", - თქვა ხაბეიშვილმა.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, შუალედურ დასკვნაში არის სამი ძირითადი მიგნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობას და უმოქმედობას მოჰყვა ის, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული და არაეფექტიანი.

"სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა და ამაზე პასუხისმგებელია  პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა 4 აგვისტოს. კრიტიკული მნიშვნელობის საათებში სამწუხაროდ ხელისუფლებამ მოქალაქეები დატოვა სტიქიის პირისპირ და ცხადია ამას ჭირდება სამართლებრივი შეფასება და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება, რომ ყველა ფაქტი და მტკიცებულება ბოლომდე იყოს გამოკვლეული და ჩვენ ასეთი მექანიზმის გვაქვს საქართველოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას სწორედ ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნას ბოლომდე გამოკვლეული.

ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის პასუხისმგებელი მათ შორის იმაზე, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს კონკრეტულ შეკითხვებს პასუხი. ამასთანავე ჩვენ 47 შეკითხვით მივმართეთ საჯარო დაწესებულებებს და ამასაც გაგაცნობთ, ველოდებით ხელისუფლებისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხს და ეს პასუხები  იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისთვის, რომ მთელი მოვლენები აღვადგინოთ, თუ რა მოხდა სტიქიის დღეს", - თქვა ფარულავამ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.


close დახურვა