ლევან ხაბეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მან თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა თავისი გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, როდესაც ხაბეიშვილი დაკავების დროს ახალგაზრდას ეხმარებოდა, პოლიციამ ის სასტიკად სცემა.
"საზოგადოებამ იცის ერთი თვის განვითარებული მომვლენები. ჩემთვის ცხადია მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს მუშა რეჟიმში, შესაბამისად ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება", - თქვა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ის რამდენიმე დღეში მოიწვევს ნაციონალური მოძრაობის ყრილობას და ორ ცვლილებას შესთავაზებს: პირველი, პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურას, ხოლო მეორე ცვლილებად - ხაბეიშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.
"პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა, ცხადია, მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული, ჩვენს გუნდთან ერთად. ყრილობას ამ ორ ცვლილებას თანხმობას ვთხოვ".
ბოკუჩავას არჩევის შემთხვევაში, ის ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება. ბრიფინგზე გამოსვლის დროს მან მადლობა გადაუხადა ლევან ხაბეიშვილს.
"მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ნდობისთვის. ეს გადაწყვეტილება რომელიც ერთად მივიღეთ, არის უდიდესი პასუხისმგებლობა. არ ვისაუბრებ ვრცლად დღეს ჩემს ხედვებზე, როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევანს. თუმცა ვიტყვი ერთს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი", - განაცხადა ბოკუჩავამ.