ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის ეთერში ნიკა მელიას ინტერვიუს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო "პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ."
"პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ ვიხილეთ. გაოცებული ვარ. არც ერთი სიტყვა პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანაზე, გეგმებზე, მოქმედებაზე, პარტიის გაძლიერებაზე, რუსი ოლიგარქის დამარცხებაზე, მის მავნებლობაზე, არანაირი კომუნიკაცია აქტივთან და პარტიის წევრებთან, არანაირი მოქმედება, მხოლოდ ბოღმა, ჭორიკნობა, ტალახის სროლა იმ პარტიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ თავმჯდომარეობს. გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანის გამო და პირდაპირ გეუბნებით, რომ მინდა ბოდიში მოვუხადო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული, პოლიტიკურად უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი."- ამბობს ხაბეიშვილი.
* * *
17 იანვარს გადაცემა "რეაქციაში" ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ჩანაწერის გავრცელება, რომელშიც სავარაუდოდ, მისი ხმა ისმის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია.
"ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე."- თქვა მელიამ.
ასევე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ პარტიის არჩევნების შემდეგ "მერაბიშვილი და კეზერაშვილი ენმ-ს სათავეში მოვლენ, გავიწევი, ხელს არ შევუშლი."
"მმართველობის ცენტრიდან გავიწევი და მართონ, მეცოდინება, რომ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, ესე იგი უნდა ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ხელი რატომ შევუშალო? მაგრამ იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც, როდესაც ისინი დამარცხდებიან და არავითარ შემთხვევაში აზრადაც არ უნდა გაივლონ თავში ხელის შეშლა."- თქვა ნიკა მელიამ.