logo
ENG



ხაბეიშვილი ოცნებას: გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დაუშვით პოლონელი ექიმები

19 მარ 202312:13
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების სასწრაფოდ დაშვებას ითხოვს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ხვალიდანვე დაიწყოს ამისთვის პროცედურები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავადაც მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

"კლავს საქართველოს ხელისუფლება [სააკაშვილს] ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. ამასობაში საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს.

ჩვენ რუსული ოცნებისგან, რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე, მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, მაგრამ ამ სიტყვების იქით, საქმე არ მიდის.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა, არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით, ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. 

პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ 3 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა 13 მარტს განაცხადა, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ, თუმცა, მისი თქმით, პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.

პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახური არაა წინააღმდეგი, მსჯავრდებული სააკაშვილს მკურნალობის პროცესში ის უცხოელი ექიმები ჩაერთონ, ვინც "დააკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს".


close დახურვა