logo
ENG



ხაბეიშვილი სამნიძესა და კორძაიაზე: სამწუხაროა, მათ ელისაშვილის გზა აირჩიეს

11 დეკ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/g58xa077behfa8e.jpg

ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ კორძაიამ და სამნიძემ ელისაშვილის გზა აირჩიეს. 

ენმ - ძალა ერთობაშიას პარტიული სიით მოპოვებული საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე პარლამენტში განცხადების შეტანას ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საბოლოოდ დასრულებამდე არ გეგმავენ. განცხადება მათ დღეს გაავრცელეს. 

"ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რესპუბლიკელებმა კი, ჩემდა სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა", - ამბობს ხაბეიშვილი. 

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს მოლაპარაკებების პროცესი და საპარლამენტო მანდატების გაუქმება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. 

"მოლაპარაკებების გაგრძელება არგაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატები არაფერ შუაშია. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება", - ამბობს ხაბეიშვილი. 

რესპუბლიკელი დეპუტატები არც ოპოზიციის მემორანდუმზე აპირებენ ხელის მოწერას, რომელიც დღეს ახალგაზრდობის სასახლის წინ მანდატების დემონსტრაციულად გაუქმების მიზნით იმართება. 

"გული დამწყდა, არ ველოდებოდი", - ამბობს ხაბეიშვილი რესპუბლიკელ კოლეგებზე. 

სამნიძემ და კორძაიამ თავიანთი გადაწყვეტილება ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობით ახსნეს. 

"რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან. 

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ. 

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ ღებულობს არც პარტია მოქალაქეები, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ და პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ პარლამენტში შევლენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, დაუმტკიცოს მას, რომ არჩევნებზე ოცნების სანაცვლოდ 1%-ზე მეტი ცდომილება იყო და მმართველ გუნდს ამ გზით აიძულოს დანიშნოს ხელახალი არჩევნები. 


close დახურვა