logo
ENG



ხაბეიშვილი ჯვრის მონასტერზე: უკიდურესად მძიმე რეალობაა, სწრაფად უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია

22 თებ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჯვრის მონასტერში "უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა" და დროულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

"ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის, წულუკიანის ხელში ფაქტობრივად ინგრევა. ჩემო ძვირფასებო, ცვივა ქვები ჯვრის მონასტერში, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და რუსული წარწერებია გაჩენილი ჯვრის მონასტერზე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და პირველ რიგში, ეს ეხება, ჩემდა სამწუხაროდ, ჯალათიას, რომელიც არის მინისტრი და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია, ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ჯვრის მონასტერში ადამიანებს. ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მე-6 საუკუნის არ ნადგურდებოდეს. ჩემდა სამწუხაროდ, ეხება ჯალათიას, ადამიანს, რომელიც ანადგურებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას."-თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ. 

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ის სთავაზობს კულტურის სამინისტროს პროფესიონალების ჩართვას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "თანამონაწილეობას ნებისმიერი ფორმით."

"ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტერში სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, გამოყვეს ეს თანხა იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ თეა წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ, რამდენიმე წუთში დაიწყონ აქ საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს აქ ჯვრის მონასტრის არ დანგრევას, არ განადგურებას, ქვების ჩვენის და ვანდალიზმის შეჩერებას. თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად, ვთავაზობ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას."- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 


close დახურვა