ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პარტიის პირველი პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ საკითხზე შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
"პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ამ ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის შტაბებზე, რომლებზეც ვლაპარაკობდით, ამ შტაბების გახსნა. იცით, რომ გიორგი ჩალაძესთან დავასრულეთ ამ მიმართულებით კონსულტაციებიც, მოლაპარაკებები. გაკეთდება ჯგუფი, გიორგი უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება", - განაცხადა მან.
ხვალ ევროპარლამენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დებატები გაიმართება. ეს წინადადება ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სხდომაზე მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.
სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ დებატების გამართვას ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.