ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. კოლომინა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეა პოლიტიკური ურთიერთობებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.
"ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში", - ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
სამხრეთ სამეზობლოში სპეციალური წარმომადგენლის რანგში კოლომინა რეგიონში NATO-ს კოორდინატორი იქნება. იგი NATO-ს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე იქნება პასუხისმგებელი.
როგორც ალიანსის ვებგვერდზეა აღნიშნული, ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონებში NATO-ს ჩართულობას გაზრდის. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია.