logo
ENG



ხაზარაძე: არის საშიშროება, უცხოელმა პარტნიორებმა ჩვენს საბანკო სისტემას სანქციები დაუწესონ

20 სექ 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: არის საშიშროება, უცხოელმა პარტნიორებმა ჩვენს საბანკო სისტემას სანქციები დაუწესონ
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ "ხელი დააფარონ ფარცხალაძის დანაშაულებრივ ქმედებებს. 

მისი თქმით, განვითარებული მოვლენები საკმაოდ საზიანოა საქართველოს საბანკო სისტემისთვის და არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შემოიღონ შესაბამისი სანქციებიც. 

რუსული პოლიტიკის, FSB-ს ჯაშუშის გაპრავება და თავდაცვა გადაწყვიტეს, იმისთვის, რომ ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვენი ქვეყნისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. იგი მოექცა საერთაშორისო და აშშ-ის სანქციებში და, შესაბამისად, მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონის წინაშე, რომლის შესახებაც ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი განმარტება. ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და, შესაბამისად, რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისათვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და საფრთხე, რომ მომავალში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენს საბანკო სისტემას დაუწესონ დიდი სანქციები, რისი საშიშროებაც სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა.

ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა ზემოქმედება იქნა მოხდენილი, რადგან 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და მათი განმარტებები.

დღეს 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა გამოვხატოთ ძალიან მკაცრი პროტესტი იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით. დღეს არ არის იმის დრო, იმის გარჩევისა ვინ ვისთან დგას", - განაცხადა ხაზარაძემ.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანაცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

 

 

close დახურვა