პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაში გარკვეული ბუნდოვანებები იყო.
როგორც ხაზარაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა, 10-კაციანი თავყრილობების აკრძალვას გულისხმობდა, თუმცა დეტალები არავის დაუკონკრეტებია.
მისივე განმარტებით, აღნიშნულმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია და სწორედ ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ დაწესებული შეზღუდვები არ სრულდება.
„როცა შაბათ დღეს იღებ გადაწყვეტილებას საგანაგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც გიწერია შეზღუდვები და ბუნდოვანი სიტყვებით წერია შეკრებების შეზღუდვა, არ გიწერია რას ნიშნავს ეს, ყველას ეხება თუ არ ეხება, ეს არის ბუნდოვანი და სწორედ ამან გამოიწვია დღეს ძალიან დიდი გაუგებრობა ყველაზე დიდ თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკლესია. ეს გადაიზარდა სამწუხაროდ რაღაც რწმენაზე საუბარში, თითქოს ვიღაც ვიღაცას ავიწროებს. ეს არის სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოემზადა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად ისე, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო და ვალდებულება ჰქონოდა ყველას, რომ ერთიანი წესით გვეცხოვრა. ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ საგანგებო მდგომარეობა პრაქტიკულად არ სრულდება. ყველამ თავისებურად გადათარგმნა ეს ყველაფერი და ვერავის დაადანაშაულებ ვერც მორწმუნეს, ვერც სასულიერო პირს. მათ ვერ გაიგეს, 10-კაციანი შეკრება ითქვა ერთი მხრივ პრემიერის მხრიდან, შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იქნა ფაქტიურად უარყოფილი. ეს ნიშნავს, რომ ცოტა კეკლუცობასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.