logo
ENG



ხაზარაძე: ისე გაიგეს, რომ დღეს ვაპირებდი პარლამენტიდან გასვლას, არა ბატონებო, არ დაგტოვებთ

24 ივნ 202115:35
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ლელო-ს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება "ვიღაცებმა არასწორად გაიგეს".

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არ აპირებს პარლამენტში მარტო დატოვოს ის ადამიანები, ვისაც შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა აქვს ჩაფიქრებული.

"მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდი პარლამენტიდან გასვლას. არა ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დავტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. გავაკეთებთ ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე", - თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.

ამ ინიციატივას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას სიით გასული დეპუტატი, კახა ოქრიაშვილიც შეუერთდა და ოპოზიციას თავადაც მოუწოდა, "თუ არ შეჩერდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ".

ხაზარაძის განცხადებას "სერიოზულად განსახილველი" უწოდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ. მან თქვა, რომ "თუკი ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოებისგან დამატებით ყურადღების მიპყრობა დასჭირდა, ასეთ შემთხვევაში, ამ ნაბიჯზეც უნდა წავიდნენ".

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა მიიღოს.

პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებს დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა: "საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ".


close დახურვა