ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფრაქციის სახელით ინიციატივით გამოდის, თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
როგორც მან პარლამენტში ისაუბრა, ეს არის ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა.
"მოვისმინეთ ქართული ოცნების ხელძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ აგრძელებთ და აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთახმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში. ეს არის უგულებელყოფა ვენეციის კომიის თითქმის ყველა რეკომენდაციის.
მინდა, გავაჟღერო ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოს ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ ქართული ოცნება მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო. თავს არავის მოვატყუებინებთ და არ გაპატიებთ არავინ, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არავის აპატიებს აი, ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. ჩვენ აქ მოსული ვართ იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეზე ვიმსჯელოთ და თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, თუ ხელშეკრულების შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშკრულება წეროთ თქვენ თვითონ, ცალკე ჩვენ გარეშე", - თქვა ხაზარაძემ.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.