logo
ENG



ხაზარაძე: პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ დამკვირვებლები არჩევნებამდე 1 ან 2 თვით ადრე ჩამოვიყვანოთ

19 მაი 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

„ამ ხელისუფლების ხელში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მხრიდან უკანონო ქმედებების აღკვეთა მოხდეს, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში ერთი ან ორი თვით ჩამოვიდნენ. მისი თქმით, ამ საკითხზე „ლელოს“ დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

„ქართულ ოცნებას“ დარჩენილი აქვს პრაქტიკულად კიდევ რამოდენიმე სერიოზული ტყუილი, მათ შორის პატარ-პატარა ბევრი ტყუილები. როგორც მიეჩვივნენ საუბარს, რომ პატარ-პატარა შოკებია ეკონომიკაში, ანალოგიური ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ ხელისუფლების ხელში ჩვენ არ უნდა ველოდოთ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ეს იქნება ძალიან მძიმე, გაყალბების არჩევნები, რადგან არ შეიძლება ადამიანებმა ამდენი სიცრუე თქვან და მათ ჩვენ დავუჯეროთ, რომ ისინი სწორ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან, რომ დამკვირვებლები ჩამოვიყვანოთ არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი და შეიძლება ორი თვით ადრეც, იმიტომ რომ როცა შევალთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უკვე ტრადიციად ქცეულ ძალადობას, არასამართლიან მოპყრობას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობას ვნახავთ, ეს უნდა იქნას აღკვეთილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


close დახურვა