logo
ENG



ხაზარაძე: ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა

26 ნოე 202017:24
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა

ლელოს საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მენეჯმენტის თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ "პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო მოსახლეობას ბოდიშს მოუხდიდა".

"მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ეს უნდა აღიარონ. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ მძიმე ეკონომიკური და პანდემიური პერიოდით, სადაც ადამიანს ყოველდღიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას იმ ე.წ. ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო, რომელიც მათ გვანახეს ბოლო 8 თვის განმავლობაში. ჩაკეტვა არის უკიდურესი ზომა, რომელიც არის მცდელობა იმ არაკომპეტენტურობის დასაგვირგვინებლად", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა