logo
ENG



ხაზარაძე მოლაპარაკებებზე: ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ

14 მარ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე მოლაპარაკებებზე: ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ

ლელო-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.

ხაზარაძე დანიელსონს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

"მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა იყო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ დანიელსონს, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა მან ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში. მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე კრისტიან დენიელსონი კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან ერთად უკვე შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან. 

***

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.


close დახურვა