მამუკა ხაზარაძე მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის ჩანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა.
როგორც ლელოს ლიდერი ამბობს, საქმე ცალსახად პოლიტიკურია და არ გამორიცხავს, რომ განხილვების ხელახალი დაწყება მის განცხადებას უკავშირდებოდეს.
„პოლიტიზირებულმა მართლმასჯულებამ უცებ გაიღვიძა 1.5 წლის შემდეგ. საეჭვო დამთხვევა მოხდა - გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიცია გუშინ გავაჟღერე, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, როცა დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ.
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ, და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ამ ქვეყანას არ უწერია წინსვლა და გამარჯვება, სანამ არ მივაღწევთ გამჭირვალე მართლმსაჯულებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.
ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".