პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოსამართლე არევაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს. ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ შუამდგომლობამდე დაცვის მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
დაცვის არცერთი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესამდე კი, მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა, სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს და საკუთარი პროგრამის ნაწილი წარადგინეს. დღეს „ლელოს“ წევრები სოციალურ თემატიკას შეეხნენ. მათი განცხადებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და „ქართულ ოცნებას“ ამ პრობლების მოგვარების უნარი არ აქვს.
როგორც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, დღევანდელი სასამართლო სხდომაც წინას მსგავსი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე სხდომებზე ამ მოწმეებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ არ დაუდასტურებიათ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა, დღესაც ასე იქნება. უფრო ღირებული და მძიმე მოწმეები პროკურატურას უკვე დაკითხული ჰყავს და დაადასტურეს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა კორძაძემ.
საქმის პროკურორის, სალომე ჩიქობავას განცხადებით კი, მოწმეები დაადასტურებენ, რომ სესხის გაცემისას მათთვის ცნობილი არ იყო სესხის დანიშნულება.
„მოწმეები დაადასტურებენ, რომ სესხის გაცემისას მათთვის ცნობილი არ იყო სესხის დანიშნულება - ის, რომ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სესხების გადასესხება ადმინისტრატორებზე. სესხის გაცემამ მათი მხრიდან გამოიწვია ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევა“, - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "ლელო" ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. მათი თქმით, "თიბისი ბანკის" საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მოკლე დროში უპრეცედენტოდ ბევრი პროცესი დანიშნა. საუბარია თვე-ნახევრის განმავლობაში 18 სასამართლო პროცესზე. მოძრაობა "ლელოში" მიიჩნევენ, რომ ეს მათი პოლიტიკური განეიტრალების მცდელობაა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ცალკ-ცალკე 700-ათასლარიანი გირაო გადაიხადეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ საქართველოს დატოვება.