logo
ENG



ხათუნა გოგორიშვილი გურიის გუბერნატორის აპარატს კორუფციაში ადანაშაულებს

05 სექ 202012:36
3 წუთის საკითხავი
clock 1247

პარტია ევროპული საქართველოს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, გურიის გუბერნატორის აპარატს კორუფციაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტის 2 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა. 

საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთს, რომელიც კერძო პირმა, ლილია კაზარიანმა 2.60 თეთრად შეიძინა.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ლილია კაზარიანმა მიწის ნაკვეთის შესყიდვიდან 21 დღეში, ნაკვეთი დაყო ნაწილებად და ზუსტად იმავე ფასში, რა ფასშიც აუქციონზე იყიდა, მიჰყიდა 6 პიროვნებას. მისი თქმით, 20.1 ათასი კვ.მ (მთელი ფართობის 40%) იყიდა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის მამამ, შალვა მოისწრაფეშვილმა და ძმამ, ლაშა მოისწრაფეშვილმა.

გოგორიშვილის განცხადებით, ქეთევან მოისწრაფიშვილი მოერიდა პირდაპირი გზით აუქციონში მონაწილეობის მიღებას და "შემოვლითი გზით კაპიკებში დაეუფლა მიწას, რომელიც ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს". 

"გაყიდული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და შეისწავლა მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის საბაზრო ფასი. აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში, მიმდებარე ნაკვეთების გაყიდვის ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის მიერ 2 248 200 ლარია.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა, ქართული ოცნების ხელისუფლების რეაგირებამ მოახდინა და სამსახურიდან ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მალხაზ გორგოშიძე გაათავისუფლა. სასამართლომ აღნიშნული პირი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ტრადიციულად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ აქვს მიღებული", - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.


close დახურვა