ხალხი მთავრობის წინააღმდეგ - ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ორგანიზაციის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, გასაჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსების ის ნორმები, რომლებიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე.
"ასევე ვასაჩივრებთ ე.წ. კომენდანტის საათს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს". - ამბობს ხვადაგიანი.
ორგანიზაციის იურისტის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი უფლებები დაიცვან.
"ამიტომ, ვადგენთ კოლექტიურ სარჩელებს და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაიცვას ამ ადამიანების მეწარმეობის, საკუთრების უფლება და მათ შორის, უნდა გახდეს განჭვრეტადი, როდის შეძლებენ ისინი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას. დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზით ეს განჭვრეტადობა არ არსებობს". - თქვა მან.
საქართველოში კომენდანტის საათი რამდენიმე თვეა, მოქმედებს. 2020 წლის 28 ნოემბრამდე აკრძალული იყო გადაადგილება 22:00 საათის შემდეგ, დილის 05:00 საათამდე. 28 ნოემბრიდან კომენდანტის საათმა 21:00 საათამდე გადმოიწია. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მის გაუქმებას არ აპირებს.