პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს ასეთ არაკომფორტულ გარემოში მუშაობა მანამ, სანამ არ შეასრულებს პირობას.
„მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ივანიშვილის მარიონეტები ემალებიან ხალხს და იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ხალხს მათმა ხელისუფლებამ შეუქმნა. მთავარია ის, რომ პროტესტი გრძელდება, მეტ მასშტაბზე გავა და მათ მოუწევთ სახლებში წასვლა. ამის გარანტიაა პროპორციული არჩევნები. ამათ მოუწევთ მმართველობის ბოლო პერიოდში ასეთ დისკომფორტში ყოფნა. ჩვენ ყველა ფორმატზე ვართ თანახმა, რათა მშვიდობიანად მოხდეს მათი ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს მმართველობა არის წასასვლელი და აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები და ხალხის ნებას ვერ აღუდგება წინ ივანიშვილის მილიარდები“, - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.
თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი. იგი აცხადებს, რომ პროტესტის გაგრძელება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აზარალებს. უდუმაშვილის განმარტებით, მმართველი პარტია ყოველ წუთს კარგავს ადამიანების ნდობას და უმძიმეს მდგომარეობაში იგდებს თავს.
„თუ პროპორციულზე არ წამოვა „ქართული ოცნება“, უარესი მისთვის. ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით და ზეწოლა გარედან გაგრძელდება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის პროპორციული არჩევნები და ეს კვლევებმაც გვიჩვენა. თუ უნდა ოცნებას, რომ გადავიდეთ ნორმალურ რეჟიმში, დააბრუნოს მოპარული არჩევნები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს ის თავს. დრო მუშაობს მათ საწინააღმდეგოდ, დრო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ყოველი წუთს ვკარგავთ ქვეყანას ამათ ხელში“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.