logo
ENG



ხალხის ძალა: ჩვენი კანონპროექტი არცერთ ასპექტში არაა იმაზე უხეში, ვიდრე ამერიკული ანალოგი

20 თებ 202312:01
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. 

"გასული დღეების განმავლობაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტი გახდა, იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც კანონპროექტის წინააღმდეგ მანკიერი ინტერესები ამოძრავებთ. მათ შორის, ჩვენს კანონპროექტს სხვადასხვა კუთხით ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებენ ხალხის ძალის დეპუტატები.

ოცნებიდან ფორმალურად წასულები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი "სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით".

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკული და რუსული კანონებისაგან განსხვავებით, ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტები სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით", - აღნიშნავენ დეპუტატები.

მათ განცხადებაში მოჰყავთ რამდენიმე მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ ამერიკულ კანონთან შედარებით, ქართული უფრო "შერბილებულია".

"მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა "უცხოელი აგენტი". აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება.

ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული როგორც არასამეწარმეო ან სამეწარმეო იურიდიული პირი, ისე ნებისმიერი ფიზიკური პირი, ადამიანი, რაც სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც თავის მხრივ უცხოური გავლენის აგენტად არის რეგისტრირებული.

ამერიკული კანონის მიხედვით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც, ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს. ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.

ამერიკული კანონის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტებს ევალებათ არა მხოლოდ საერთო ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, არამედ ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან თუნდაც, ზეპირი კომუნიკაციის დეკლარირება, რაც ჩვენ ზედმეტად უხეშ ჩარევად მივიჩნიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და უცხოური გავლენის აგენტებს მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.

გარდა ამისა, ამერიკული კანონით გათვალისწინებული დარღვევები, მათ შორის ფინანსების დეკლარირების ვალდებულების თავიდან არიდება განისაზღვრება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი შესაბამის კანონდარღვევას განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მისი ჩადენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული. ამასთან, ჯარიმების ოდენობაც ამერიკული კანონით დადგენილ ჯარიმებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია", - აღნიშნავენ დეპუტატები.

გარდა ამისა, "ხალხის ძალის" დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის რუსულ კანონთან შედარება "სამარცხვინო სპეკულაციაა, რომელსაც საქართველოს არაკეთიმოსურნეები სრულად შეგნებულად ეწევიან".

"რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ა.შ. გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ.

ამ ფონზე, ჩვენი კანონპროექტის შედარება რუსულ კანონთან არის სამარცხვინო და ბინძური სპეკულაცია, რომელსაც პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებდით", - აცხადებენ დეპუტატები.

დეპუტატების მტკიცებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მათი კანონპროექტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის მიზანმიმართულად დასავლეთის დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული.

"საქართველოში მოქმედი ენჯეოები ცდილობენ ჩვენი კანონპროექტი წარმოაჩინონ ისე, რომ, თითქოს, ის მიზანმიმართულად დასავლეთიდან დაფინანსებული ენჯეოების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც სიცრუეა. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ინტერვენციისა და სუვერენიტეტის შესუსტების მრავალმხრივი ინტერესი და საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. გარდა ამისა, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც ენჯეოების, ისე სხვა გაერთიანებების გამოყენებით.

ჩვენი და შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ გაერთიანების საქმიანობის უკან, ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოზე პოზიტიური და არაპოზიტიური გავლენის მოხდენის შემთხვევები და ამის მიხედვით, ჩამოიყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების მიმართ.

მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოში უცხოური გავლენის რეალიზების ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ამ სუვერენიტეტის შერყევას ან მის მიტაცებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. 

სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.

მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას


close დახურვა