logo
ENG



ხალხის ძალის თქმით, ხელისუფლებამ უცხოელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე უნდა იმსჯელოს

13 მაი 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/kbavx4hgr8fg6d1.jpg

პარტია ხალხის ძალა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს "იმსახურებენ თუ არა" ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში შემოშვებას.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი.

ხალხის ძალა აცხადებს, რომ ეს ადამიანები მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას და ხელისუფლებას ესხმიან თავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მიზანი "პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობაა".

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.

უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას", - აცხადებენ ხალხის ძალაში.


close დახურვა