პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა. მან ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა.
მანამდე, გუშინ მან გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. ღარიბაშვილი სოფელ არხილოსკალოში იყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შეხვდა.
სოფელში ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. არც ერთი მათგანი არ იცავდა კოვიდრეგულაციებს, არ ეკეთათ პირბადეები, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.
ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა. ის აქამდე აცრილი არ იყო. აცრის საკითხთან დაკავშირებით, ფორმულა მთავრობის ადმინისტრაციას 3 დღის წინ დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს.
გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორონავირუსის გავრცელება და ეპიდვითარების გაუარესება არაერთხელ ოპოზიციას და გამართულ აქციებს დააბრალეს.