ხარაგაულის მერმა დღეს, 13 ივლისს, თანამდებობა დატოვა. მან ხარაგაულის მოსახლეობას Facebook-ით მიმართა და გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა.
ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ის რჩება „ქართული ოცნების" გუნდში, და აგრძელებს მართველ გუნდთან ერთად მუშაობას, მოსახლეობას კი სასარგებლო საქმეების კეთებას ჰპირდება, თუმცა რა გახდა რეალურად ხარაგაულის მერის გადადგომის მიზეზი, უცნობია.
„ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.
დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს“, - წერს თოფურიძე.