იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხარაგაულში კორუფციული გარიგებების სქემა გაშიფრეს.
მათი განცხადებით, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ ხარაგაულის მერი და მერის ძმა, რომელიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, ასევე ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
არსებული ვერსიით, მერის ძმა, ზურაბ ლურსმანაშვილი თავისსავე კომპანიაში დასაქმებული პეტრე ავალიშვილის საბუთებით ახორციელებს სოფლის პროგრამებით გათვალისწინებულ პროექტებს. პროექტები საკრებულოს ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, მაგრამ სამუშაოები ან არ დაწყებულა, ან მიტოვებულია.
ოპოზიციონერების განცხადებით, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, კიაზო გამრეკელაშვილი ასევე სხვისი საბუთებით ახორციელებს სოფლის პროექტებს.
"ეს ადამიანები ამოფარებული არიან სხვა ინდ.მეწარმეების საბუთს, თვითონ არ ჩანან, მაგრამ ინდ.მეწარმეები არიან თავიანთი ახლობლები, ასევე თავიანთ საწარმოში დასაქმებული ადამიანები და სწორედ მათი საბუთით ხდება ამ სოფლის პროგრამების შესრულება," - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობა.
ბრალდებებს ხარაგაულის მერიაში ჯერჯერობი არ გამოხმაურებიან.