logo
ENG



ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

04 მაი 202312:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/4elxfobshkrjflx.jpg

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დეკანოიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. 

"მე და ბატონი რომან გოცირიძე, ჩემი დიდი ხნის თანაგუნდელი, თანამებრძოლი, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული წესრიგით საპარლამენტო ცხოვრებაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთოთ, მინდა გითხრათ, რომ მე და ბატონი რომან გოცირიძე გავაკეთებთ პოლიტიკურ ჯგუფს. 

მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ეს არის კარგი გადაწყვეტილება, გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს, ჩემი და ბატონი რომანის პოზიცია იცით, ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საპარლამენტო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ჯერჯერობით პოლიტიკური ჯგუფის სახელწოდება არ იცით, მაგრამ მინდოდა მეთქვა და შემეტყობინებინა ეს ამბავი.

პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ბატონი რომან გოცირიძე და ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მოწესრიგებული პარლამენტარია, ადამიანი, რომლის ღირებულებებშიც მე არასდროს ეჭვი არ შემპარვია", - განაცხადა დეკანოიძემ.

გოცირიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე განაცხადს საქართველოს პარლამენტის აპარატში დღეს შეიტანენ. ის არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ჯგუფი გაფართოვდეს და სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.

"პოლიტიკური ჯგუფის შექმნა განპირობებულია ერთის მხრივ იმ საშუალებითაც, რაც ამ რეგლამენტით მოგვეცა და დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანთ განაცხადს და დავარეგისტრირებთ. ამ ჯგუფის შექმნით ჩვენ შევეცდებით, გავაძლიეროთ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ თანმიმდევრული ვიყავით ყოველთვის, მე და ხატია, მაშინაც კი, როდესაც ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არის უდიდესი რესურსი, რომლის არ გამოყენება სრული დატვირთვით არის დანაშაულის ტოლფასი.

ჩვენ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებისთვის გამოვიყენებთ ყველა ხერხს, საკანონმდებლო ინიციატივებს არ მოგაკლებთ, სულ მალე იქნება პირველივე ინიციატივა, რაც ქალბატონი ხატიას იდეა იყო და ნახავთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საჭირო, ისევე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხზე გვექნება პოზიცია. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ჩვენი ჯგუფი გაფართოვდეს, სხვებიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პირველი განაცხადი, მთელი შინაარსი იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს უკეთესად", - განაცხადა გოცირიძემ.

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დეკანოიძემ ნაციონალური მოძრაობა 24 მარტს, ხოლო გოცირიძემ 17 თებერვალს დატოვა. 


close დახურვა