ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ სახალხო დამცველს, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებისა და შეფასებისკენ მოუწოდა.
დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ, ასლან აბაშიძის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გააგზავნა ფუტკარაძის დასაშანტაჟებლად, დასაშინებლად და მოსასყიდად, რაზე ნერვიულობასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლე ემსხვერპლა.
„წარმოუდგენლად მძიმეა, როცა საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მათზე მუქარას, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დღეს უბრალოდ აღარ არის“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა.
ხატია დეკნაოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლის შედეგად ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა და ამგვარ ფაქტებს საფუძვლად ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი უდევს. დეკანოიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მათი წევრის გარდაცვალების ფაქტთან შეგუებას არ აპირებს და დამნაშავეების დაუსჯელობას არ დაუშვებს.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ამ ფაქტს დაუყოვნებლივ მოჰყვეს რეაგირება ყველა იმ უწყების მხრიდან, რომელსაც საქმის გამოძიება და გარდაცვალების მიზეზების დადგენა ევალება. დეკანოიძემ საგამოძიებო ორგანოებს იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროებისკენაც მოუწოდა, ვინც შანტაჟსა და მოსყიდვაში მონაწილეობდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ხატია დეკანოიძემ მიმართა სახალხო დამცველს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს და ნუგზარ ფუტკარაძის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორიდან ვინც ფიქრობს, ჩართულია და იცავს ადამიანის უფლებებს. მე მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ვისთანაც ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი, რომ ეს საშინელი ფაქტი, წარმოუდგენელი ძალადობა ადამიანზე დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და სათანადოდ შეფასებული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვიზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.