„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესს არავითარი სამართლებრივი ღირებულება არ ჰქონია და მომხდარი „აბსურდად და წარმოუდგენელ კომიკურობად“ შეაფასა.
დეკანოიძის თქმით, საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჰკითხა, აპირებენ თუ არა ამავე საქმის ფარგლებში ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ყოფილი მაღალჩინოსნის მამუკა მდინარაძის გამოკითხვას. მისი განმარტებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმრო წერილში, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, სწორედ კობახიძისა და მდინარაძის გვარები ფიგურირებს და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის სახელი და გვარი არც სოციალურ ქსელში და არც საჯარო გამოსვლებში არასდროს უხსენებია. მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოების ყურადღების გადასატანად საინფორმაციო „ქარიშხლის“ შექმნას ცდილობენ, ხოლო ოპოზიციონერების გამოკითხვაზე დაბარება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ მძიმე შიდა კრიზისზე მიუთითებს.
ოცნების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ეჭვქვეშ დააყენა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და კითხვები დასვა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარ სხვა თვითმკვლელობის ფაქტებზეც. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ჯორბენაძის თვითმკვლელობა დაადასტურა, აღნიშნული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვაზე ათამდე პოლიტიკოსი, მედიაწარმომადგენელი და საზოგადოებრივი ფიგურა დაიბარა.
