logo
ENG



ხაშურში შშმ პირის და დედამისის ცემისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია

03 ნოე 202112:17
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურში მცხოვრები შშმ პირის, მურთაზ მაჩხაშვილისა და დედამისის ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა.

ფორმულასთან საუბრისას მაჩხაშვილის დედა ფიზიკურ ძალადობაში საკუთარ მეზობელს დაჩი ტაბატაძეს ადანაშაულებს და ყვება, რომ მომხდარზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგადაც ოჯახის წევრებმა გენერალურ ინსპექციას მიმართეს. ამის შემდეგ მურთაზ მაჩხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა საქმე მალევე დახურეს. 

ამ თემაზე საუბრობს მაჩხაშვილების მეზობელიც, რომელიც ყვება, რომ დაჩი ტაბატაძეს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილის ძმა მფარველობს, რის გამოც მას პოლიცია არ აკავებს.

"23 რიცხვი იყო, დილის 5 საათი დაახლოებით. შევარდნია მათ ოჯახში სრულიად უსაფუძვლოდ, სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ჯერ შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დედამისი გასულა პოლიციის დასაძახებლად, თუმცა ამ ბიჭს დედისთვისაც ჩაურტყამს წიხლი. სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფორმაციით, ამ ოჯახს მფარველობს ვალერი გელაშვილის ძმა, რის გამოც პოლიციელები შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ:, - ამბობს მეზობელი. 

ფორმულამ ინფორმაციის გადამოწმება ხაშურის პოლიციის სამმართველოში სცადა, თუმცა ჟურნალისტის კითხვებს განყოფილებაში არ უპასუხეს.

რაც შეეხება ვალერი გელაშვილს, ის ადასტურებს, რომ წლების წინ დაჩი ტაბატაძე მის ძმასთან მუშაობდა, თუმცა მათი ოჯახის მხრიდან დაჩი ტაბატაძის მფარველობას უარყოფს. 


close დახურვა