logo
ENG



ხაჭაპურიძე: სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომზე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია

10 აგვ 202218:38
3 წუთის საკითხავი
clock 781

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ნებართვას გასცემს, სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები აშშ-დან და შვეიცარიიდან ჩამოვლენ.

მან დღეს, 10 აგვისტოს ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში მოინახულა. მისი თქმით, აშშ-იდან ფსიქიატრი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ, ხოლო შვეიცარიიდან - ერთი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 

ხაჭაპურიძემ თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სიცხე გქონდა". 

ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა ექსპრეზიდენტის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე. 

შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას აპირებს და ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. 

"უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია". - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება თავდაპირველად სწორედ შალვა ხაჭაპურიძემ და კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გააკეთეს.  

ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს თქვა, რომ სააკაშვილი ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად და მისი მთავარი ამოცანაა, ჯანმრთელობას მიხედოს.

მომდევნო დღეს შალვა ხაჭაპურიძემ ასევე თქვა, რომ "როგორც თვითონ ამბობს, არ უნდა, ქართულ პოლიტიკასთან ჰქონდეს რამე საქმე". 

ამის შემდეგ განცხადება გააკეთა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა.

თავად მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. 


close დახურვა