„ხელისუფლება შემოდგომაზე მარტო დარჩება იმ დიდ გამოწვევასთან, რასაც მზარდი ეკონომიკური კრიზისი ჰქვია", - ამ შინაარსის მიმართვა ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა.
ასოციაციებმა მთავრობას რამდენჯერმე უკვე მიმართეს და დაინტერესდნენ, თუ რა გეგმა ექნება მთავრობას პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად რამდენიმე მიმართვისა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კაჭარავას თქმით, საქართველოს ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ დაკეტვას ვერ გაუძლებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია თავად მეორე ტალღის პირობებში როგორი თამაშის წესები ჩამოყალიბდება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად ვერ გაუძლებს ხელმეორედ დაკეტვას. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან, თუ როგორ მოხდება ბიზნესის მუშაობა ამ პირობებში", - ამბობს კაჭარავა.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ დღგ-ს დაბეგვრის წესი უნდა შეიცვალოს.